დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის რამდენიმე საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.
გამყრელიძის თქმით, ახალი შტამის კვლევა "საკმაოდ რთული სამუშაოა".
"რამდენიმე საეჭვო შემთხვევას ვიკვლევთ. რამდენიმე ნიმუშის სეკვენირება მიმდინარეობს. სეკვენირება ნიშნავს გენის დაშლას და შემდეგ შედარებას, არის თუ არა მუტაცია გენომში. ეს საკმაოდ რთული სამუშაოა.
მოგეხსენებათ, დიდი ბრიტანეთი საკმაოდ დიდი ქვეყანაა, როგორ აღმოაჩინეს იქ, ყველა ნიმუშის ათი პროცენტის სეკვენირება ხდება.
გენომის სეკვენირება ძვირად ღირებული სიამოვნებაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჯერ რამდენიმე შემთხვევას ვიკვლევთ, თუ იქნება დადასტურება, რა თქმა უნდა მოსახლეობას ვაუწყებთ",-განაცხადა გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა. ის უკვე გამოვლინდა რამდენიმე სხვადასხვა ქვეყანაში. ახალი შტამი 70%-ით უფრო გადამდებია და მეტად აინფიცირებს ბავშვებს. ამის გამო დიდ ბრიტანეთში შეზღუდვები გამკაცრდა. აიკრძალა ფრენები ევროპის მიმართულებით.
თუმცა, მეცნიერების თქმით, ვირუსის ახალ შტამს მდგომარეობა განსაკუთრებით არ დაუმძიმებია და არსებულ ვითარებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ მოუხდენია.